ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშები მოისმინეს

2018 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის რეკომენდაციათა შესრულების ანგარიშის მოსმენა გაგრძელდა.

ანგარიშები წარმოადგინეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ სახალხო დამცველმა დამაზუსტებელი კითხვებით მიმართა გამომსვლელებს და აღნიშნა, რომ ნელა მიმდინარეობს ის დადებითი ცვლილებები, რამაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ სხვაგვარად მოწყვლად პირთა მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.

ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალურ მუშაკთა პრობლემების შესწავლისა და მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ გაფიცულ სოციალურ მუშაკთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლება ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მდგომარეობის გაუმჯობესებას თუნდაც, მსტ ბავშვთა სახლებში, სადაც სახალხო დამცველის მონიტორინგმა ბავშვებს შორის ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა გამოავლინა და საგანგაშოა, რომ ამ ფაქტებზე არცერთ პასუხისმგებელ სამსახურს რეაგირება არ მოუხდენია.

არ გაუმჯობესებულა ბიოლოგიური ოჯახების მდგომარეობა, საიდანაც ბავშვები ძირითადად სიღარიბის გამო გამოყავთ. ისაუბრა რელიგიური სკოლა-პანსიონების ლიცენზირების საკითხზე და სახელმწიფოს მხრიდან ამ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კონტროლის სიძნელეებზე.

არ ტარდება საკმარისი ღონისძიებები ფსიქიატრიული ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ბენეფიციარს დახმარება საჭიროებისამებრ არ მიეწოდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილობრივ განხორციელების პარალელურად, არ შეიმჩნევა წინსვლა ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ისევ არასაკმარისია პერსონალის კვალიფიკაცია, ისევ მცირეა მათი რაოდენობა, უხარისხოა მედიკამენტები, მოძველებულია მკურნალობის ფორმები. დღემდე არ შემუშავებულა დეინსტიტუციონალიზაციის არც სტრატეგია და არც სამოქმედო გეგმა. არ არის განვითარებული სათემო სერვისები, რაც ინსტიტუციების გადატვირთულობას იწვევს.

გადაუჭრელ სოციალურ საკითხებზე საუბრისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების დახმარებისა და ხანდაზმული პირების სოციალური დაცვის მიმართულების პროგრამების უმოქმედობას; სოციალური დახმარების მეთოდოლოგიის ცვლილებების აუცილებლობას ქულათა მინიჭების პროცესში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

მუნიციპალიტეტების დონეზე არ შემუშავებულა სოციალურად დაუცველთათვის საკვების მიწოდებისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის ერთიანი სტანდარტი. დევნილთა დიდი ნაწილი კვლავ ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. დღემდე ზარალის ანაზღაურებას ელოდება 2008 წლის ომის დროს კონფლიქტურ რეგიონებში (განსაკუთრებით სოფელ ზარდიაანთკარის) დაზარალებული მოსახლეობა.

შესაბამისი სამსახურები არ ახდენენ მოსწავლეთა მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებლის დეტალურ აღწერას, მათ შორის, არც ადრეულ ასაკში ქორწინების ზუსტი მონაცემები გვაქვს. ასევე არ ხდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების საჭიროებების განსაზღვრა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების აღრიცხვა. საჭიროებების მიხედვით არ არის გამიჯნული შშმ მოსწავლეთა რეგისტრირება სკოლებში. მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ეჭვქვეშ დგას აღმზრდელთა კვალიფიკაციაც.

სახალხო დამცველმა მუნიციპალურ ორგანოებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ და სხვა საკითხების მოგვარების მიზნით, იგი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ხელისფლების ყველა შტოსთან.

* „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“ დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისს მიიღო და მასში სახალხო დამცველის 235 რეკომენდაციაა შესული, რომელთა შესრულებაც საქართველოს მთავრობას, სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებს დაევალა. 27 და 28 მარტს ანგარიშები 11-მა უწყებამ წარმოადგინა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)