ახალი ამბები

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2019 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში.

შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო ჯგუფის მიერ დასახული მიზნების შესრულების მიმდინარეობა, გამოავლინეს და გააანალიზეს ახალი გამოწვევები არჩევნების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მთავრობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

სახალხო დამცველმა საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე და ამ პროცესის ხელშემშლელი გარემოებების შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გასული წლის განმავლობაში დისკრედიტაციის მცდელობაზე, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის არაეფექტურ მექანიზმზე და ამ მიმართულებით, არასწორი კვალიფიკაციის, დროული და ობიექტური გამოძიების პრობლემებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მნიშვნელობასა და ამ მხრივ გატარებულ რეფორმაზე.

სახალხო დამცველმა ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ უკვე მიღებულ კანონპროექტის ხარვეზებს გაუსვა ხაზი.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის მექანიზმს, რომლის დანიშნულებაა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)