ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის მოსახლეობასთან

2020 წლის 16 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომელმა თამთა ჩეჩელაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქუთაისში (ნიკეას N21-ში და N26-ში) მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დევნილებს გააცნო სახალხო დამცველის მანდატი; ასევე, სახალხო დამცველის ანგარიშები, სადაც ასახულია იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევები. ისაუბრა დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე, ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტების მძიმე საცხოვრებელ პირობებზე, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობასა და ინტეგრაციაზე. განიხილა პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

დევნილებმა თავის მხრივ ისაუბრეს თავიანთ მძიმე საცხოვრებელ მდგომარეობაზე; უკმაყოფილება გამოთქვეს განსახლების საკითხზე, კერძოდ, მიიჩნევენ რომ, საცხოვრებელი ფართების გადანაწილება არ ხდება სამართლიანად და დროშიც ჭიანურდება. ნიკეას 21-ში მცხოვრებმა დევნილებმა მიუთითეს უხარისხოდ რეაბილიტირებულ ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი ფართები, ეზო, გარემო კეთილმოუწყობელია.

17 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ სარეაბილიტაციო ცენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათ წარომადგენელებთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატზე როგორც გაეროს 2006 წლის კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოზე, სახალხო დამცველის აპარატში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დეპარტამენტის და საკონსულტაციო საბჭოს როლზე და საქმიანობაზე; ხაზი გაუსვა შშმ პირთა პრობლემების მთავარ გამომწვევ მიზეზს - კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმის არ არსებობას, ასევე ინკლუზიური განათლების პროცესში არსებულ ხარვეზებს, შშმ პირთა დასაქმების უაღრესად დაბალ მაჩვენებელს, ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის პრობლემას და ა.შ.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)