ახალი ამბები

საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა

2018 წლის 25 ოქტომბერს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები და ამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ხდება უკანონო დაკავებების მსხვერპლი ოკუპანტი ძალების მიერ. მისი თქმით, ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ცხინვალის რეგიონის ჩაკეტილობა, სადაც არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო თუ განვითარების ორგანიზაციას არ აქვს მუშაობის შესაძლებლობა.

ასევე, 2018 წლის 26 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებში 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს იცავენ. შეხვედრაზე, რომელსაც სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე, ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელი პიტერ ლიუსი, მსხვერპლთა ნდობის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი ალმა ტასო დელკოვიჩი, პროკურორის ოფისისა და სასამართლოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ისაუბრეს გამოძიების პროცესზე, მოწმეთა და მსხვერპლთა უსაფრთხოებასა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა მიმართ მოქმედ სოციალურ პროგრამებზე.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. მათ შორის გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკურ წმენდას, ქონების განადგურებას, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე, თავდასხმას სამშვიდობო ძალებზე, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს.სახალხო დამცველი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და მიიჩნევს, რომ გამოძიება ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენას, მსხვერპლთა უფლებების აღდგენას და კონფლიქტის მხარეებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის სამშვიდობო პროცესების დაჩქარებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)