ახალი ამბები

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია მოქალაქის დარღვეული უფლება აღდგენის თაობაზე

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია ნ.მ.-ს დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე.

ნ.მ.-მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრმა ნ.მ.-ს უფლების რეგისტრაციისთვის სახელმწიფოსგან თანხმობის წარმოდგენა მოსთხოვა, იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. მოგვიანებით, აღნიშნული თანხმობის წარუდგენლობის გამო ნ.მ.-ს განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

2015 წლის 16 დეკემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ნ.მ.-ს უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეკომენდაციაში აღინიშნა, რომ კომისიის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო დაერეგისტრირებინა ნ.მ.-ს საკუთრების უფლება. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დელეგირებული აქვს უფლება, აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გზით განკარგოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია არ კრძალავს ზემოხსენებული კანონის საფუძველზე მასზე საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად, კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურები ვალდებულნი არიან, სახელმწიფოსგან დამატებითი თანხმობის მოთხოვნის გარეშე მოახდინონ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს უძრავ ქონებაზე ნ.მ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაავალა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)