ახალი ამბები

რეგიონული კონფერენცია ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე

2018 წლის 1-2 ნოემბერს, თბილისში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით „ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე“ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, დანიის და პორტუგალიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანი იყო ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე რეგიონსა და ევროპაში მოქმედი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების უზრუნველყოფა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონულმა წარმომადგენელმა იოჰანეს ფან დერ კლაუმ ისაუბრეს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და კონფლიქტურ სიტუაციებზე მსოფლიოში. ხაზი გაუსვეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მნიშვნელობას თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგისა და ამ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ დეტალურად განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის კუთხით. ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონალურ წარმომადგენლობასთან აქტიურ თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტზე.

სესიებზე კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნების მაგალითზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებებზე; ისაუბრეს თავშესაფრისა და დაცვის ხელმისაწვდომობაზე, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა სოციალურ-ეკონომიურ უფლებებზე.

კონფერენციის ბოლოს შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის შესახებ რეგიონში თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის თაობაზე.

კონფერენციის ფარგლებში, ჩამოსულმა სტუმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი; გაეცნენ ცენტრის ფუნქციას და სტანდარტებს.

ღონისძიება „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა და სახალხო დამცველის აპარატისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი სახსრებით დაფინანსდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)