ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა „ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა/ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ თემაზე

2019 წლის 7 ივნისს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე – „ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა/ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

„ეროვნულ უმცირესობათა დაბალი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ის საკითხია, რომელზეც წლებია სახალხო დამცველი საუბრობს თავის საპარლამენტო ანგარიშებში. რა თქმა უნდა, ინტეგრაციისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ სისტემური წინსვლა არ გვაქვს. ვერ ვხედავთ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ვერც ადგილობრივი თვითმმართველობების და ვერც ცენტრალური ხელისუფლების ზედა რგოლის თანამდებობებზე. დღეს ჩვენი შეხვედრის მიზანი სწორად ამ პრობლემის დაძლევის გზების განხილვაა“,- განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ღონისძიების გახსნისას.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ აგრეთვე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USID) სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა ზაურ ხალილოვმა და მშვიდობის ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ტუმასიანმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების ჩართულობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრისა გზებზე ისაუბრეს.

საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა იზაბელა ოსიპოვამ დამსწრეთ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები გააცნო. სახელმწიფოს ხედვა და პოლიტიკა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველმა ანუკი ბურდულმა წარმოადგინეს.

.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება