ახალი ამბები

კონფერენცია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამართლის უზენაესობის საკითხებზე

2024 წლის 29 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში თემაზე - გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი.

ღონისძიებაზე ადამიანის უფლებადამცველი ეროვნული ინსტიტუტების, მთავრობის, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, ასევე, სტრატეგიული სამართალწარმოების გზით დადებითი შედეგების მისაღწევად განსახორციელებელ მიზნებსა და ნაბიჯებზე.

კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გახსნა.

თავის გამოსვლაში საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში მართლმსაჯულების მიმართულებით მიღწეულ წინსვლაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა დაძლევაც აუცილებელია. განსაკუთრებით, გაუსვა ხაზი სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროებას. „სამართლიანი სასამართლო სისტემისადმი ნდობა განაპირობებს სამართლიანი საზოგადოების არსებობას, რაც თავისთავად დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუციების გამყარების გარანტს წარმოადგენს, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა წლიურ საპარლამენტო ანგარიშში ასახული პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელები, სასამართლო მეგობრის მოსაზრებები. თუმცა, აქვე დაამატა, რომ არის საკითხები, რომელთა გადაჭრა მხოლოდ პარლამენტის აქტიური ჩართულობით იქნება შესაძლებელი.

დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის როლი და საქმიანობა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის დადგენის მიმართულებით, რასაც გაზრდილი მომართვიანობაც ადასტურებს და მეტყველებს მოქალაქეთა მზაობაზე, უფლებების დასაცავად მიმართონ სახალხო დამცველს. ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაზე. აღნიშნა, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში აპარატი დამატებით 4 რეგიონულ ოფისს გახსნის, რაც მთელი ქვეყნის დაფარვის შესაძლებლობას მოგვცემს.

„ჩვენ დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ შეხვედრას ვატარებთ სხვადასხვა თემატურ ჯგუფთან, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს პრევენციული ხასიათის ღონისძიებაა, მაგრამ ცხადია, რომ ფემიციდის, ნაადრევი ქორწინების, ოჯახში და სხვა სახის ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სახალხო დამცველის შესაძლებლობები საკმარისი ვერ იქნება და მათ დასაძლევად ყველა უწყების ეფექტური, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. ამ კუთხით გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ჯერ-ჯერობით შეთანხმების პროცესშია და ვიმედოვნებ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ საბოლოო ვერსიების შეჯერებას,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა თავისი გამოსვლის დასასრულს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ლონდა ბიჭიკაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

მოწყვლადი ჯგუფების უფლებების საკითხებზე მოხსენება წარადგინა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანა კვაჭაძემ.

ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)