ახალი ამბები

განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

საქართველო ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას და აქცენტს აკეთებს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე. 2019 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ძირითადი თემა სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების და შესაბამისი პრაქტიკის განვითარების მხრივ.

ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - სექსუალური შევიწროების შესახებ ბოლო წლებში მიმდინარე აქტიური მსჯელობის შედეგად, 2019 წლის 19 თებერვალს სექსუალური შევიწროება აიკრძალა საკანონმდებლო დონეზე და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად გაიწერა. ამასთან, ამავე წლის 3 მაისის ცვლილებებით, საჯარო სივრცეში ჩადენილი სექსუალური შევიწროება მიჩნეულ იქნა სამართალდარღვევად, რაზეც მანდატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა. კანონმა სექსუალური შევიწროება განსაზღვრა როგორც სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკური, სიტყვიერი ან არასიტყვიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მტრულ გარემოს უქმნის მას.

რამდენიმე წლის წინ კონკრეტული ქალების მიერ საკუთარ გამოცდილებაზე საჯაროდ საუბრის და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენების შედეგად, საზოგადოების ნაწილმა სექსუალური შევიწროების პრობლემაზე მსჯელობა აქტიურად დაიწყო. იმ დროს, ჯერ კიდევ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, სასამართლომ და სახალხო დამცველმა, ეროვნული კანონმდებლობის ნორმების განმარტებით თუ საერთაშორისო სტანდარტების მეშვეობით, რიგ შემთხვევებში, სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინეს.

აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ აქტიური მსჯელობის დაწყებისა და საკანონმდებლო დონეზე გაწერის შემდეგ, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა გარკვეულწილად გაიზარდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, განგვევითარებინა სამართლებრივი სტანდარტები და შეგვემუშავებინა სექსუალური შევიწროების ინდიკატორები.

სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმაა, რომლის ყველაზე მეტ სავარაუდო შემთხვევას შრომით ურთიერთობებში აქვს ადგილი. როგორც წესი, მსხვერპლი ქალები სამართლებრივი დაცვის საშუალებებს მხოლოდ სამსახურის დატოვების შემდეგ მიმართავენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართლებრივ კონტექსტთან ერთად, სექსუალური შევიწროების შემთხვევებს თან ახლავს ფსიქო-სოციალური ასპექტები, რომლებიც არსებითად განაპირობებს ინციდენტის შემდეგ მსხვერპლის ქცევას, მის მოწყვლადობას და გადაწყვეტილებას სამართლებრივი რეაგირების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, სრული ძალისხმევა მიმართონ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ.

#სახელმწიფოზრუნავს

#16დღიანიკამპანია2019

#სექსუალურიშევიწროებისწინააღმდეგ

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)