ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს დააკვირდება
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს დააკვირდება.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში არანაკლებ 28 მოსამართლე შედის. დღეის მდგომარეობით 20 პოზიცია ვაკანტურია, ხოლო შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პირველად საქართველოს ისტორიაში, ამ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევიან.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 მაისს მიიღო. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება 11-დან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და სულ 144-მა პირმა შეიტანა საბუთები. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნული პირებიდან უნდა შეარჩიოს კანდიდატები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. უდავოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სამართლიანად შერჩევა უმნიშვნელოვანესი საკითხია, აღნიშნული პროცესი კი ათეულობით წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაღალი მნიშვნელობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წლის 27 მაისს მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას და სთხოვა აღნიშნული პროცესის მონიტორინგი. გასათვალისწინებელია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, ასევე სახალხო დამცველის თხოვნით, ამავე ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 17 აპრილს გამოაქვეყნა სამართლებრივი მოსაზრება და რეკომენდაციები პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგი ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება. მიმდინარე წლის 30 მაისის წერილით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ დაადასტურა საკუთარი მზაობა, დააკვირდეს შერჩევის პროცესს და მის შესაბამისობას როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკასთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ასევე, გეგმავს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესსა და სამართლის ძირითადი პრინციპებისა და საკითხის მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკაში მოქმედებას.