ახალი ამბები

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრა

2015 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ მონაწილეობა მიიღო აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, კანონის უზენაესობისა და მმართველობის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხები განიხილეს.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ვითარების რამდენიმე ასპექტი გააცნო; ხაზი გაუსვა ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას, მათ შორის, „რუსთავი 2“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობას.

შეხვედრაზე პაატა ბელთაძემ ვრცლად ისაუბრა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე; განიხილა შრომითი უფლებების დაცვისა და უსაფრთხო გარემოს მონიტორინგისთვის სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქვეყანაში შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობა.

სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნა/დაწინაურებას. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უგულებელყოფს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების მოთხოვნის შესახებ.

შეხვედრაზე ომბუდსმენის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში ობიექტური, ეფექტური და ანგარიშვლდებული გამოძიების უზრუნველყოფის აუცილებლობას. მან აღნიშნა, სამართალდამცავი სტრუქტურების, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების კუთხით სერიოზული გამოწვევები არსებობს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიმართულებით, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასთან ერთად საგამოძიებო ორგანოებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდონ საქათველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)