ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება პარლამენტისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით

გუშინ, 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი წარუდგინა. შერჩევის პროცესში კვლავ ის ხარვეზები გამოვლინდა, რომელთა შესახებაც სახალხო დამცველი წინა ეტაპებზე მიუთითებდა.

აღნიშნული 6 კანდიდატის შერჩევა გამომდინარეობს პარლამენტის მიერ ამა წლის 12 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან, რომლითაც 14 კანდიდატი განწესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. დარჩენილი 6 ვაკანსიის ფარგლებში, კანდიდატები გამოვლინდნენ 32 კანდიდატს შორის, ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

კენჭისყრაში სულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი მონაწილეობდა. ხმების დათვლისას გამოვლინდა 7 ბიულეტენი, სადაც 32-დან ზუსტად ერთი და იგივე 6 კანდიდატი იყო შემოხაზული. ყველა მათგანი გადავიდა მომდევნო ეტაპზე და იმავე დღეს გამართული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით, წარედგინა საქართველოს პარლამენტს. 6 კანდიდატიდან 5-მა მიიღო საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა, 1-მა (გიორგი ტყავაძემ) კი - 11.

6-ვე კანდიდატმა მიმდინარე წლის ზაფხულში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარა და შეფასდა ქულებით, 1 კანდიდატი (პაატა სილაგაძე) კი უკვე იყო წარდგენილი პარლამენტისთვის, გასაუბრება გაიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, თუმცა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად. 48 კანდიდატის1ჯამში, მიღებული ქულებით, აღნიშნული 6 კანდიდატი იკავებდა მე-14, მე-19, 21-ე, 27-ე, 30-ე და 32-ე სარეიტინგო ადგილს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტისათვის არც პირველ ეტაპზე და არც ახლა არ წარუდგენია კანდიდატები, რომლებიც იკავებდნენ მე-13, მე-17, მე-18, 25-ე, 28-ე, 29-ე და 31-ე სარეიტინგო ადგილს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ კანდიდატთა კომპეტენტურობის ქულებით შეფასების მიუხედავად, ქულების რაოდენობა არ იყო განმსაზღვრელი ფაქტორი კანდიდატების შერჩევისას. ამავდროულად, ქულების ანონიმურად და დაუსაბუთებლად მინიჭების გამო, იმის თქმაც რთულია, რომ ყველაზე მაღალი ქულების/შეფასების მქონე კანდიდატები სხვა კანდიდატებზე უკეთესები არიან კომპეტენტურობითა და კეთილსინდისიერებით.

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციურობაზე. იმ პირობებში, როდესაც ხარვეზიანია მოქმედი კანონმდებლობა და სერიოზული პრობლემები ვლინდება მისი აღსრულების ეტაპზე, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გაზიარება კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მდგომარეობაზე.


1საუბარია კანდიდატებზე, რომლებმაც გაიარეს გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შეფასდნენ ქულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)