ახალი ამბები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2018 წლის 13 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-16 შეხვედრა გაიმართა. სხდომას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უძღვებოდა.

ნინო ლომჯარიამ შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, რომ 13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ამ პირთა უფლებების, განსკუთრებით კი განათლების უფლების რეალიზების ხელშეწყობა. საბჭოს შეხვედრას უსინათლოთა თემის რამდენიმე წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომლებმაც ისაუბრეს უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე – ინკლუზიური განათლების, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის, გარემოს მისაწვდომობის და სხვა მიმართულებებით.

სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის სტრატეგიისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების, ასევე აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან კოხოძემ დამსწრეთ დეპარტამენტის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან და გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფა, დეინსტიტუციონალიზაციის და საოჯახო ტიპის სერვისების განვითარების შეფასება, მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობა და სხვა.

შეხვედრის შეჯამებისას საბჭოს წევრები შეთანხმდნენ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებზეც 2019 წლის განმავლობაში იმუშავებს სახალხო დამცველის აპარატი გაეროს შშმ პირთა კონვენციის განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)