სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა, რომელიც ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებასა და გავრცელებას ემსახურება. მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. ოცი წლის შემდეგ კი მიღებულ იქნა სპეციალური რეზოლუცია, რომლის თანახმად 21 სექტემბერი ყოველწლიურად აღინიშნება როგორც მშვიდობის საერთაშორისო დღე.

მშვიდობა, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, კონფლიქტის ზონასა და საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. 1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, ნახევარ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე დაზარალდა და ჩვენი ქვეყანა არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა, რასთან გამკლავებაც ჩვენი ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამასთან, მშვიდობის უფლება, არ არის მხოლოდ განიარაღების საკითხი, არამედ ასევე დაკავშირებულია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და პრიორიტეტი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგია.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას ოფიციალური მოლაპარაკებების დროს გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო მთავრობების მხრიდან გადაიდგეს რეალური ნაბიჯები კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება