სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება რუსთავში მდებარე ხანდაზმულთა დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას - რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით.

2023 წლის 1 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში[1] საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მუდმივად უსვამს ხაზს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის კერძო დაწესებულებებში არსებულ სისტემურ დარღვევებს და შესაბამისი სახელმწიფოს ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების არ არსებობას. უფრო მეტიც, სახელმწიფოსთვის ცნობილი არ არის ასეთი დაწესებულებების ზუსტი რაოდენობაც კი.

სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია.

სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს მუშაობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე. ასევე, მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოხდეს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების აღრიცხვა და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე.


[1] ინფორმაცია ხელმისაწვდომია <https://bit.ly/3rebLJC>.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)