სიახლეები

პირველი ანტი-SLAPP კონფერენცია საქართველოში

2023 წლის 29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების შესახებ გამართულ კონფერენციაში.

SLAPP გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმია. SLAPP-ის მიზანია არა მისი ინიციატორების მხრიდან სამართლიანობის ძიება, არამედ საზოგადოების აქტიური წევრების სტრატეგიული დაშინება და საბოლოოდ გაჩუმება. SLAPP ხშირად სამოქალაქო სამართალწარმოებას გულისხმობს, თუმცა, შეიძლება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კონტექსტშიც განიხილებოდეს.

„დემოკრატიული საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალი და ჯანსაღი მედიაგარემო. ამ გარემოსთვის საფრთხის შექმნა კი სხვადასხვა ფორმით ხდება და ერთ-ერთი ფორმაა ზუსტად SLAPP-ები. ამ ფენომენისთვის დამახასიათებელი ნიშნების იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია კონკრეტულ საქმეებში და განსაკუთრებულად ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, რათა საფრთხე არ შეექმნას რეპუტაციის დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ეფექტიან რეალიზაციას. შესაბამისად, ამ საკითხის ირგვლივ ქვეყანაში ცნობიერების ზრდას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ისეთი მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის, რაც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ჟურნალისტთა დაცულობას გადაჭარბებული სარჩელებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, არ დააზარალებს ლეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

კონფერენციაზე სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების (SLAPP) კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ტენდენციები განიხილეს, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორების როლზე ისაუბრეს და საქართველოში ცილისწამების საქმეებზე ინფორმაცია წარმოადგინეს. ამასთან, შეიქმნა ანტი-SLAPP პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების ჩართულობით, რაც სწრაფი რეაგირების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკის შემცირების ემსახურება.

კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან (GDI) თანამშრომლობით.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია SLAPP-ის წინააღმდეგ ევროპაში (CASE), ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (HRHF) და USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)