სიახლეები

სახალხო დამცველმა თბილისის უსახლკაროთა თავშესაფარი მოინახულა

2020 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ააიპ თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი მოინახულეს. მიმდინარე პანდემიის დროს დაავადებისგან დასაცავად თავშესაფარმა ქუჩაში მცხოვრები დამატებით 40-მდე ბენეფიციარი შეიფარა.

სახალხო დამცველმა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან მუშაობის ზოგადი პრინციპები განიხილა და კონკრეტულად ახალი კორონა ვირუსის პანდემიის საფრთხის თავიდან აცილების პირობებში მუშაობის სპეციფიკას და უსაფრთხოების ზომებს გაეცნო. როგორც სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ბენეფიციარები მაქსიმალურად იკავებენ თავს თავშესაფრიდან გასვლისგან, ხოლო თანამშრომლები იცავენ უსაფრთხოების ზომებს.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა შენობა - საცხოვრებელი სივრცე, სველი წერტილები, სამრეცხაო, სასადილო, ექიმის ოთახი, გარე საერთო სივრცეები. დაწესებულებას ყავს ექიმი, რომელიც ადგილზე ეწევა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი კვებით.

სახალხო დამცველი გაესაუბრა თავშესაფრის ბენეფიციარებს მათ საჭიროებებზე, საცხოვრებელ პირობებზე, საქმიანობაზე და დაინტერესდა ქონდათ თუ არა რაიმე სახის პრეტენზია ადმინისტრაციასთან; ასევე მიიღო ინფორმაცია სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მუშაობის შესახებ, დაათვალიერა ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება