სიახლეები

დისკუსია ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ

2023 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილოება მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდაში, რომელზეც „ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვის“ შესახებ კვლევა წარმოადგინეს. კვლევა ევროპის საბჭომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თხოვნის საფუძველზე მოამზადა.

„სახალხო დამცველის აპარატმა ბოლო წლებში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ათობით შემთხვევა შეისწავლა და წლიურ საპარლამენტო ანგარიშებში ასახა. სამწუხაროდ, დღემდე არაერთი გამოძიება მიმდინარეობს, სადაც საგამოძიებო უწყებებს არ გამოუკვეთავს და არ დაუყენებია დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. წლებია ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა მაღალი მაჩვენებელი დაუსჯელობის გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს“, - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში ლევან იოსელიანმა.

კვლევა, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტმა პიტერ ნურლანდერმა წარმოადგინა, აანალიზებს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან, რომელიც ასახულია მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში CM/Rec(2016)4.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებასაქართველოში“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)