ანგარიშები

სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა - 2014

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 60 გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 188 განჩინება (ხარვეზის დადგენის შესახებ) და 20 გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ადგილობრივი საბჭოების მიერ მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას, თუმცა სახალხო დამცველის სახელზე შემოსულ განცხადებებში გამოვლენილმა ტენდენციებმა წარმოშვა აუცილებლობა შეგვესწავლა მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, ასევე გათავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევებში საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის ხარისხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გარანტირებულია სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც თითოეულ მსჯავრდებულს აძლევს საშუალებას, გათავისუფლდეს სასჯელისაგან პირობით ვადამდე, კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით დადგენილი წესით. 2013 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გახშირდა იმ მსჯავრდებულთა მომართვიანობა, რომლებიც ასაჩივრებდნენ მათი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების2 (შემდეგში – საბჭო) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მსჯავრდებულები, ძირითადად, აპელირებდნენ საბჭოების არაერთგვაროვან და ტენდენციურ მიდგომაზე, მიღებულ ბუნდოვან და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებსა და ზეპირი მოსმენის გარეშე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხების განხილვის არაეფექტურობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება