სიახლეები

შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 6 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული მონიტორინგის ჯგუფის წევრი გივი ჯვარშეიშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და თერჯოლის კულტურის სახლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის მანდატზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის პროცესზე, საზოგადოებაში ამ პირთა სრული ინკლუზიის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნისა და ამოქმედების აუცილებლობაზე, ბიუჯეტირების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის საჭიროებაზე. ყურადღება გაამახვილეს მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის უსინათლო პირების წინაშე მისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში მათი ჩართვის მიზნით საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან ერთად მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ზომების მიღებასა და მხარდაჭერაზე.

შეხვედრის დროს გამართული დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა უფლებების რეალიზების პროცესში არსებულ მთავარ გამოწვევებზე და მათი გადალახვის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა დასაქმების, სოციალური უფლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი ჩართვის მნიშვნელობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)