სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების კამპანიები.

წლევანდელი საინფორმაციო კამპანია, რომლის თემაა – „ჩემი ხმა საზოგადოებაში“, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს მოსმენილ იქნას მათი ხმა, გავლენა იქონიონ სახელმწიფოს პოლიტიკასა და ქმედებებზე, სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ადრეული ასაკიდან იზრუნოს ამ პირთა უფლებების რეალიზებისთვის, მათთვის საჭირო მომსახურების შექმნასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მისაწვდომობაზე.

საქართველოში დღის წესრიგში დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან ისინი ხშირად მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა თუ სხვა სერვისში მყოფი პირები ჯერ კიდევ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების გამოყენებას და მათ ეფექტურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ხმა თანდათან უფრო ძლიერად ისმის, ნაკლებია სახელმწიფოს შემხვედრი ძალისხმევა მათი საჭიროებების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფოს ამ დღესთან დაკავშირებით მისი როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას და მოუწოდებს, უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა. სათანადო ღონისძიებების განხორციელებით, სხვების თანასწორად უზრუნველყოს მათი ჩართვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)