სიახლეები

დევნილი შშმ ქალებისა და შშმ ქალი მშობლების უფლებებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი მშობლების უფლებებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევაში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადეკვატური პირობების საკითხი, დევნილთა მიმართ განხორციელებული სახელმწიფო სტრატეგიები, გრძელვადიანი განსახლების პირობებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, მშობლის უფლების რეალიზების პრობლემები.

სახალხო დამცველის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებები საკმაოდ ხელყოფილია, მათი დისკრიმინაცია გამოიხატება არაერთი ფორმით. პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მეტი ყურადღება დაუთმოს. „ეს საკმაოდ კომპლექსური კვლევაა, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების უფლებები საკმაოდ ხელყოფილია. დისკრიმინაცია გამოიხატება ძალიან ბევრი ფორმით, თუნდაც სამსახურში მიღების მომენტში. შესაბამისად, ამ პრობლემებს ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება. კვლევაზე დაფუძვნებული რეკომენდაციები ასახული იქნება საქართველოს სახალხო დამცველის მიმდინარე წლის ანგარიშში,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ღონისძიება სახალხო დამცველმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პავლოვიჩამ გახსნეს.

კვლევა საქართველოს 6 რეგიონში (გორი, ზუგდიდი, ფოთი, წყალტუბო, თელავი, მესტია) ჩატარდა და გასული წლის მაისი-აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება