ანგარიშები

ქმედუნარიანობა – საკანონმდებლო რეფორმა იმპლემენტაციის გარეშე

ქმედუნარიანობის საკანონმდებლო რეფორმის შესახებ კვლევა შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ქმედუნარიანობის სამართლებრივი რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

კვლევა ჩაატარა გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვახუშტი მენაბდემ.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა სასამართლოს 519 შემაჯამებელი გადაწყვეტილება, აქედან 341 აქტი შეეხება გადაწყვეტილებას პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით, ხოლო 178 სხვადასხვა მოტივით გამოცემული განჩინება.

კვლევის ძირითადი მიგნებების ნაწილში აღნიშნულია, რომ რეფორმის შემდგომი საკანონმდებლო რეალობა მეტწილად ითვალისწინებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მცირე გამონაკლისების გარდა შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოსა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებს. ამასთან საკანონმდებლო რეფორმა ვერ მოექცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებში და მისი სრულფასოვნად ამოქმედება 6-თვიან ვადას 2 თვით გადასცდა.

რეფორმის შემდეგ, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, შაბლონური და დაუსაბუთებელია; კვლავ სისტემურად დგას მხარდაჭერის დანიშვნის ბლანკეტურობის, ქმედუნარიანობის სრულად ჩამორთმევისა და პლენარული მეურვეობის პრობლემები. გარდა ამისა საერთო სასამართლოების ნაწილი არ იცავს საპროცესო ვადებს.

სახალხო დამცველის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს პირის ინდივიდუალურ საჭიროებებს. მხარდაჭერა უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ უფლებების, ან/და მისი იმ ასპექტების რეალიზაციისთვის, რომელიც პირის ინტერესებიდან გამომდინარეობს; აუცილებელია სასამართლოებმა უზრუნველყონ საპროცესო ვადების დაცვა, ასევე მეტი ყურადღება დაუთმონ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გადაწყვეტილების დასაბუთებულობის პრობლემას.

რეკომენდაციებში ასევე საუბარია, რომ საჭიროა კანონმდებლობაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომელიც მხარდაჭერის მიმღებ პირს უფლებას მისცემს გაასაჩივროს მხარდამჭერის ცალკეული გადაწყვეტილებები სასამართლოში; კანონმდებლობამ უნდა გასაზღვროს იმ უფლებების/უფლების ასპექტების ჩამონათვალი, რომელთა შეზღუდვა და მის განხორციელებაში მხარდამჭერის დანიშვნა დაუშვებელია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება