სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროება დაადგინა

2018 წლის 10 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ააიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს“ შევიწროებით გამოხატული განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ააიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს, სადაც აღნიშნავდა, რომ ცენტრის დირექტორი, იურისტი და ხელვაჩაურის გამგეობის მაღალი თანამდებობის პირები მის მიმართ განწყობილნი არიან არაკოლეგიალურად - უზღუდავენ უფლება-მოვალეობებს, ჩამოაშორეს შიდასამსახურეობრივ საქმიანობას და დისციპლინურ ღონისძიებებს მხოლოდ მის წინააღმდეგ ატარებენ. ასევე, არ აძლევენ პრემიას, ვინაიდან იგი საჯაროდ აკრიტიკებდა დირექტორისა და იურისტის კვალიფიკაციას.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლისათვის მისი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუცემლობა, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებები, ასევე პრემიის გაუცემლობა განპირობებული იყო განმცხადებლის მიერ სხვადასხვა საკითხზე გამოთქმული მოსაზრებებით და დირექტორის კრიტიკით. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები განმცხადებელს დაეკისრა მის მიერ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრების გამო, რის შედეგადაც მას მტრული სამუშაო გარემო შეექმნა. კერძოდ, განმცხადებელს ცენტრის დირექტორის სახელზე წარდგენილი აქვს არაერთი წერილობითი განცხადება, რომელიც შეეხებოდა ცენტრის სამუშაო, სასწავლო და შემოქმედებითი პროცესის წარმართვას.

სახალხო დამცველის შეფასებით, ჯანსაღი შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია დამსაქმებელმა დასაქმებულს სრულყოფილად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესასრულებლად.

ამასთან, სახალხო დამცველისათვის პრობლემური იყო განმცხადებლისთვის დაკისრებული გაფრთხილების ბრძანებაში მისი გაქარწყლების თაობაზე ინფორმაციის არარსებობა. „ააიპ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის“ წესდება და შინაგანაწესი არ არეგულირებს გამოყენებული დისციპლინური პასუხიმგებლობის მოხსნის საკითხებს. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის გაქარწყლების მექანიზმის არარსებობა მუდმივად შეუწყობს ხელს დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ააიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს“ შეწყვიტოს შევიწროება და შრომითი ურთიერთობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, ასევე ყველა დასაქმებულს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი თანასწორი სამუშაო გარემო; შეიმუშაოს შიდა რეგულაცია რომლითაც აიკრძალება ნებისმიერი სახის შევიწროება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულის მიმართ შევიწროების თავიდან აცილება და დაარეგულიროს დისციპლინური პასუხიმგებლობის მოქმედებისა და გაქარწყლების ვადები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება