სპეციალური ანგარიშები

მდგომარეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში

წინამდებარე ანგარიში ასახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პოლიციის სამმართველოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, ასევე წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის რისკების შემცირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

ანგარიშში საუბარია პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი სახალხო დამცველის წინადადებების გაზრდილ რაოდენობაზე; წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებზე; დაკავებული პირების პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობაზე. ასევე, მოქალაქეების მხრიდან აგრესიის გამოვლენის ტენდენციაზე; პოლიციის სამმართველოების უმეტესობაში შიდა პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არარსებობაზე; ე.წ. „გასაუბრების“ პრაქტიკაზე პოლიციის ავტომანქანაში, სამმართველოში ან განყოფილებაში, რაც ფაქტობრივად საპროცესო უფლებების განმარტების გარეშე, თვითნებურ დაკავებას წარმოადგენს.

განხილულია რიგი ფაქტების გამოძიების კვალიფიკაციის საკითხები; ცალკეულ შემთხვევებში პრობლემური იყო პოლიციის მიერ დაკავებული პირების ისეთი სამართლებრივი დაცვის გარანტიების უგულვებელყოფა, როგორიცაა უფლებების განმარტება, ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება