ბიულეტენი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N11

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მე-11 ბიულეტენში წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჩვენს მიერ შემოდგომის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამართულ მაღალი დონის სემინარზე მოხსენება წარადგინა. ამავე პერიოდში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს მეცხრე სხდომა გაიმართა. გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა მოლდოვის რესპუბლიკის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დელეგაციას უმასპინძლა. დასრულდა პროექტის ძირითადი ფაზა, რომელიც მიზნად ისახავდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეკომენდაციების შესრულების ეფექტიანი კონტროლის (Follow-up) ინსტრუმენტების შექმნას.

გავესაუბრეთ 2017 წელს N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულებს და ჩავატარეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და პოლიციის სამმართველოების მონიტორინგი. გარდა ამისა, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგში.

ბიულეტენში გაეცნობით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის შესახებ. რეკომენდაციების შესრულების დინამიკის ნაწილში მოკლედ არის მიმოხილული 2017 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. საერთაშორისო სტანდარტის მიმოხილვის თავში ვსაუბრობთ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფიზიკური შებოჭვის, იზოლაციისა და ქიმიური შეზღუდვის სტანდარტებთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო მიმოხილვის თავში გაეცნობით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინიციატივას პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულებთან მიმართებაში.

ნომრის ფოკუსს წარმოადგენს სახალხო დამცველის სპეციალური კვლევა პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ. საერთაშორისო სიახლეებში გაეცნობით გაეროს ექსპერტების განცხადებას პოლიციის მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით.

ბიულეტენის წინამდებარე ნომერში ასევე იხილავთ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისა და ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის მერაბ ქავთარაძის მოსაზრებებს პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება