სიახლეები

წინადადება მთავარ პროკურორს #8 დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

* 2014 წლის 5 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულები სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ #8 დაწესებულებიდან ახლად გადაყვანილ გ.ო.-ს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ გადმოყვანამდე, #8 დაწესებულების თანამშრომლებმა იგი თავის თანასაკნელთან ერთად ჩაიყვანეს დაწესებულების კარანტინში, სადაც დერეფანში ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ. გ.ო.-ს მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა მათ დაადეს ბორკილები, წააქციეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის ცნობით, წაქცეულებს ხუთი წუთის განმავლობაში ურტყამდნენ ფეხებს.

გ.ო.-ს გარეგნული დათვალიერების დროს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

* 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გ.კ.-ს. პატიმარი აცხადებს, რომ იგი 12 აპრილს მოათავსეს საკარანტინო საკანში, სადაც ცუდად გახდა და ექიმთან შეხვედრა მოითხოვა. პასუხად წაიყვანეს ცარიელ საკანში, სადაც ადმინისტრაციის თხუთმეტამდე თანამშრომელი რამდენიმე წუთი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ შეიყვანეს სამორიგეოს ერთ-ერთ ოთახში, აიძულეს გაშიშვლება და დაემუქრნენ გაუპატიურებით. მოგვიანებით გ.კ. მოათავსეს ე.წ. „ფუქსებში,“ სადაც დააწვინეს ძირს სახით მიწისკენ, ხოლო ხელები და ფეხები შეუკრეს ერთმანეთზე გადაბმული ბორკილებით, ზურგს უკან და მიაყენეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებული აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდეგ მან გონება დაკარგა.

გ.კ.-ს გარეგნული დათვალიერების დროს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა.

* 14 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულები #8 დაწესებულებაში ასევე შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულ ჯ.დ.-ს.

პატიმრის განცხადებით, იგი რამდენიმე დღით ადრე კარანტინში გადაიყვანეს, სადაც მასთან მივიდა დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი და გაურკვეველ ფურცელზე ხელის მოწერა მოსთხოვა. ჯ.დ. აცხადებს, რომ მხედველობის პრობლემები გამო, დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა, რათა მის შინაარსს საკანში მყოფი პატიმრების დახმარებით გასცნობოდა. ამის გამო, დაწესებულების თანამშრომელმა იგი საკნიდან გაიყვანა, მარცხენა გვერდში მუშტი დაარტყა, შეაგინა და როდასაც მსჯავრდებული ჩაიკეცა, დააფურთხა. მსჯავრდებულის განცხადებით, მისი ცემა დაწესებულების დაახლოებით 15-20 თანამშრომელმა გააგრძელა, რომლებიც წაქცეულს ფეხებს ურტყამდნენ. შემდეგ, ზურგს უკან ხელ-ფეხ შეკრული ე.წ. „ფუქსში“ მოათავსეს და მთელი ღამე პირქვე მწოლიარე დატოვეს. ღამის განმავლობაში მასთან პერიოდულად შედიოდნენ დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამასთან, არც ხელები გაუხსნეს და არც ტუალეტში გასვლის საშუალება მისცეს. დილით კარანტინის ერთ-ერთ საკანში შეიყვანეს, კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ, რის გამოც მან არაერთი თვითდაზიანება მიიყენა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა სხეულებზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება.

არასათანადო მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულე-ბის წინაშე. გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად.

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება