სიახლეები

შეხვედრა კახეთში მომუშავე ადვოკატებთან

სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისის ორგანიზებით, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია და დეპარტამენტის თანამშრომელი ხატია ხელაძე 2019 წლის 14 ნოემბერს კახეთში სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატებს შეხვდნენ.

შეხვედრის თემა იყო დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტება, დაკავებულთათვის უფლებების სრულყოფილი და დროული გაცნობის პრობლემა, ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა. შეხვედრის მიმდინარეობისას ადვოკატებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს რეგიონში სისხლის სამართლის მიმართულებით არსებულ სხვა პრობლემებზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა პოლიციის შენობებში დაკავებულთან გასაუბრებისათვის არსებული სივრცეების ნაკლებობა, რაც ხელს უშლის კონფიდენციალურ შეხვედრას.

ნიკა კვარაცხელიამ და ხატია ხელაძემ სახალხო დამცველის წლიურ და სპეციალურ ანგარიშებზე ისაუბრეს და ადვოკატებს სხვადასხვა უწყებებისადმი გაგზავნილი რეკომენდაციები გააცნეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება