სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი ცენტრის მონიტორინგის შესახებ

2019 წლის 23 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიგრაციასა და თავშესაფრის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით გამოსვლისას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილე თამარ გვარამაძემ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში ქემლინ ფარლიმ და მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ ყურადღება გაამახვილეს ერთობლივ ძალისხმევაზე ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა; პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე, დაკავების ალტერნატიულ გზებზე, დაკავებულ პირთა სამართლებრივ გარანტიებზე იმსჯელეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა ოფისმა დაკავების ალტერნატივის სახელმძღვანელო პრინციპები წარმოადგინა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა ორგანიზაციის პროგრამაზე არალეგალური მიგრანტების მოქალაქეობის ქვეყანაში ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ინტეგრაციის გამოწვევებზე. საქართველოს იურიდიულმა სამსახურმა კი დამსწრეთ თავისი მანდატი გააცნო თავშესაფრის მაძიებელ პირებთან მუშაობის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება