ანგარიშები

ბავშვის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში

2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვთა უფლებებისადმი მიძღვნილი თავი მოიცავს 2015 წელს ბავშვთა ინსტიტუციებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, ბავშვის უფლებათა დარღვევების ცალკეული შემთხვევების სტატისტიკას და რეკომენდაციებს, რომლითაც სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მიმართა.

ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია ხაზგასმული, მათ შორის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის ხელმოწერისა და რატიფიკაციის საკითხი, ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის მიზნით კანონში გასატარებელი ცვლილებები, მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას ბავშვის აზრის გაუთვალისწინებლობა, არასრულწლოვანთა საზღვარზე გადაყვანის შესახებ არსებული კანონმდებლობის არაეფექტიანობა, სოციალური სამსახურის ადამიანური და ტექნიკური რესურსის სიმცირე, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების, ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა, ასევე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის საკითხი.

განხილულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონების მონიტორინგის შედეგები.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობასა და ამ მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომელშიც ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით, სპეციალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითა. ასევე, ყურადღება გამახვილდა მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე; ინკლუზიური განათლების პროგრამის სრულფასოვანი დანერგვის, პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფის, სკოლამდელი განათლების უფლების დარღვევის, აღმზრდელების სისტემური გადამზადების და ბენეციფიარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების საკითხებზე. აღინიშნა მედია საშუალებებში არასრულწლოვანთა თემების გაშუქების ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება