სიახლეები

დებატები ბავშვის მიმართ ძალადობის თემაზე

30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, დებატები გამართა თემაზე „ბავშვის მიმართ ძალადობა საქართველოში – ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?“

ბავშვის მიმართ ძალადობის ფართო სფეროდან დებატის თემად შერჩეული იყო ორი მიმართულება: ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის პრობლემა სკოლასა და ოჯახში.

შეხვედრას მოდერატორობა გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ბავშვების“ ხელმძღვანელმა ჯაბა ნაჭყებიამ.

დებატებში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა, პრობლემით დაინტერესებულმა საზოგადოებამ.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ბავშვთა მიმართ ძალადობის თემით საზოგადოების დაინტერესებას, ისაუბრა ამ პრობლემის განსაკუთრებულ აქტუალობაზე და სახელმწიფოს მხრიდან სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები სასარგებლოა პრობლემის გადაჭრის ერთიანი გზების დასახვისათვის და ამ მიმართულებით სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით, ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა მიმოიხილა სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრები, რომელთა უმეტესობა ეხება ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობას სკოლაში – მასწავლებლისა და ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის ფაქტებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა დარეჯან დვალიშვილმა აუდიტორიას 2013 წლის კვლევის მონაცემები გააცნო, რომელთა მიხედვითაც, ბავშვის ფიზიკური დასჯა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ბავშვის აღზრდის ეფექტურ საშუალებად მიაჩნია; სახელმწიფო სოციალურ მუშაკთა ნაწილი ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობას ოჯახის შიდა პრობლემად მიიჩნევს, ხოლო გამოკითხულ პოლიციელთა ერთ ნაწილს ბავშვის მიმართ ძალადობაზე რეაგირება, მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე და განმეორებად შემთხვევებზე მიაჩნია მიზანშეწონილად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველოს უფროსმა ბიძინა ხარაზიშვილმა განქორწინებული მშობლების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლის პრობლემაზე ისაუბრა. აქვე აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებების სფეროში მოსამართლეთა შემდგომი გადამზადების, საკანონმდებლო ბაზისა და აღსრულების პროცესის მექანიზმის დახვეწასთან ერთად, აუცილებელია საყოველთაო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივი და მედია კამპანიების ჩატარება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტები კვალიფიცირებული უნდა იყოს როგორც დანაშაული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა აუდიტორიას საჯარო სკოლაში ძალადობის დაძლევის მიმართულებით სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია გააცნო.

დისკუსიამ ცხადი გახადა თემის სიმწვავე და ისიც, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა არაერთ პრობლემურ სფეროს მოიცავს. წამოიჭრა არასრულწლოვან დამნაშავეთა და ზოგადად, რთული ქცევის მოზარდებისადმი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების საკითხი; დამსწეთ ასევე აინტერესებდათ, რამდენად ლეგიტიმურია მანდატურის სამსახურის მოზარდთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ინიციატივა - განხორციელების აუდიო–ვიდეო ჩაწერები რთული ქცევის მოზარდების ფსიქოლოგიური კონსულტაციის დროს.

სახალხო დამცველის აპარატი ბავშვის უფლებათა დაცვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად შესთავაზებს საზოგადოებას.

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა

იხილეთ სახალხო დამცველის კომენტარი


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება