სიახლეები

არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება - მესტიის რაიონი

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის - „სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში აგრძელებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა/შემოწმებას.
2014 წლის 24–28 ივნისს ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლებმა ზემო სვანეთში, მესტიის რაიონში განახორციელეს მესტიის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი, შეისწავლეს ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობა, დაათვალიერეს საჯარო სკოლები; მოეწყო შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან, ზემო სვანეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონული განყოფილების წარმომადგენლებთან.
მონიტორინგისა და შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ მესტიაში განთავსებულ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არ არის შექმნილი უსაფრთხო და ბავშვის ინტერესებზე მორგებული გარემო პირობები; დაბალია სანიტარულ–ჰიგიენური და კვების ორგანიზაციული წესების დაცვის ხარისხიც. განსაკუთრებით პრობლემური მდგომარეობაა სოფლების: მუჟალის, ეცერის, მაზერისა და ცხუმარის საბავშვო ბაღებში. ასევე, სასწრაფოდ გადასაჭრელია სოფლების წვირმის, ჭოლაშის, ლატალისა და ყარსგურიშის საჯარო სკოლებში ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხი.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის, შემოწმებისა და შეხვედრების შედეგად გამოვლენილ ბავშვთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ, სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს საქმისწარმოება და იგეგმება რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება შესაბამის სახელმწიფო უწყებებში წარსადგენად.

იხილეთ ფოტოგალერეა


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება