სიახლეები

არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი რაჭის რეგიონში

2014 წლის 7–10 ოქტომბერს, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენლები, არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით, რაჭის რეგიონში – ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ.
განხორციელდა 4 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგი, ასევე, ქალაქ ონის, სოფლების – ნიკორწმინდის, ღარის, პიპილეთისა და უწერის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის, კერძოდ, სასწავლო და ინფრასტრუქტურული გარემოს შესწავლა. შედგა შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ონისა და ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, არასრულწლოვანთა ცხოვრების სათანადო დონის, ჯანმრთელობის დაცვის უფლებისა და შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით, მოინახულეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ონისა და ამბროლაურის რაიონულ განყოფილებები და ამბროლაურის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანება.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, როგორც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. არსებულ პრობლემათაგან განსაკუთრებით ხაზგასასმელია ადეკვატური სასწავლო ინვენტარით უზრუნველყოფის, გამართული ინფრასტრუქტურის, პედაგოგთა კვალიფიკაციისა და გადამზადების, ასევე, სკოლამდელი განათლების უფლების პრაქტიკაში განხორციელების პრობლემები.
ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების რიგ სოფლებში სამედიცინო პუნქტების ნაკლებობის, ბავშვთა ექიმების სიმცირის, არსებული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის პრობლემების გამო არასრულწლოვნებისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა არასათანადოდ ხორციელდება.
ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მონიტორინგისა და შეხვედრების შედეგად გამოვლენილი ბავშვთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმისწარმოება და იგეგმება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისადმი რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება