სიახლეები

ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

2016 წლის 23–27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაცია და მონიტორინგი“.

ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრი დამიან ტატიჩი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ირინე ობოლაძე, რუსუდან კოხოძე.

ტრენინგში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ ბავშვთა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 18 მონაწილე.

ტრენინგის სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდებს. განიხილეს შემდეგი საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია, კონვენციის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის საქმეში სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, გონივრულ მისადაგებაზე უარი და დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის ორგანო; კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საუკეთესო გზები.

ტრენინგის მიმდინარეობის დროს თეორიული მასალის მოსმენის გარდა, ძირითადი ფოკუსი გაკეთდა დისკუსიებსა და ღია მსჯელობებზე, ჯგუფურ სავარჯიშოებზე და პრეზენტაციებზე. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საკითხების განხილვაში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ტრენინგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი სხვადასხვა ფოკუს–ჯგუფებისთვის, რაც ადამიანის უფლებათა სფეროში მათი ცოდნისა და უნარების გაღრმავებას ემსახურება.

23.05.16-27.05.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება