სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ერთობლივი ტრენინგები თბილისის საშუალო სკოლებში თემაზე - „ბავშვი და პოლიცია“

2017 წლის იანვარი-მაისის პერიოდში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თბილისის თორმეტი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მოკლე ტრენინგ კურსები ჩაატარა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები უძღვებოდნენ. აღნიშნულ საგანმანათლებლო აქტივობას ჯამში 450-ზე მეტი სკოლის მოსწავლე დაესწრო. კურსის ძირითადი თემა იყო 14 წელს ზემოთ ახალგაზრდების უფლებები სამართალდამცავ სტრუქტურებთან შემხებლობისას. კერძოდ, პირის მიმართ საპოლიციო ღონისძიებების (შეჩერება, გამოკითხვა, იდენტიფიცირება და სხვა.) ან/და სისხლისსამართლებრივი პროცედურების (დაკავება, ჩხრეკა, დაკითხვა) განხორციელებისას არასრულწლოვანთა დამცავი უფლებრივი გარანტიები.

აღნიშნულ თემატიკაზე სალექციო კურსი არასრულწლოვანთა სამიზნე ჯგუფისთვის პირველად სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში განხორციელდა. საგანმანათლებლო აქტივობის ფორმატი და შინაარსი საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შეირჩა და მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საკუთარ უფლებებზე. სალექციო კურსი ძირითადად ეხებოდა არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებრივ გარანტიებს სამართალდამცავებთან ურთიერთობის დროს, მათ შორის ეფექტიანი დაცვის უფლებას, უფლებას კანონიერ წარმომადგენელსა და ადვოკატზე, დუმილის უფლებას, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების უფლებასა და სხვა სპეციფიკურ გარემოებებს, რომლებიც არასრულწლოვანთა შესახებ მართლმსაჯულების კოდექსითაა უზრუნველყოფილი.

საგანმანათლებლო საქმიანობის მიზანი იყო მოზარდთა და პოლიციას შორის შესაძლო დაპირისპირების მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით გადაჭრის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, ამცირებს მოზარდებში პოლიციისა და სამართალდამცავების მიმართ უნდობლობის შეგრძნებას, ამზადებს არასრულწლოვნებს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სახის კონფლიქტური გარემოებების სათანადოდ აღქმასა და მათ მშვიდობიან გადაჭრაში, საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნის ქმედითად გამოყენების გზით და ამკვიდრებს მათში კანონმორჩილების იდეის პატივისცემას.

სწავლების პროცესი მოიცავდა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვას. სწავლება იყო ინტერაქტიული - თეორიული მასალის გაცნობის შემდგომ, იმართებოდა დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში, კაზუსის განხილვა, როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა და შედეგების პრეზენტაცია.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება