სახალხო დამცველის პოზიცია აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების შესახებ
2020 წლის 19 თებერვალს ბათუმში საქმიანი ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია და მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა.
„შეშფოთებული ვარ, ვინაიდან დღეს განვითარებული მოვლენები მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ აჭარის მაუწყებელში დაგეგმილი ცვლილებები არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ არის მიმართული. ამიტომ მინდა ვუთხრა მრჩეველთა საბჭოს, გაითვალისწინოს იმ ჟურნალისტების აზრი, რომლებიც თავისუფალ და კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ აჭარის მაუწყებელში განვითარებული უარყოფითი მოვლენები აუცილებლად აისახება ქვეყნის მედიადამოუკიდებლობის ხარისხზე. კრიტიკული ტელევიზია, მითუმეტეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი სახსრებით ფინანსდება, აუცილებელია იყოს დამოუკიდებელი და დღეს მე ვხედავ, რომ ამ დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება,“ - განუცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს.