სახალხო დამცველი ვერის ბაღში გამართულ აქციას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2019 წლის 16 ივნისს თბილისში, ვერის ბაღში გამართულ აქციას და მისი მიმდინარეობისას გაჟღერებულ განცხადებებს.
დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ ისე, გარეთ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ადგენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რისი დარღვევის შემთხვევაშიც, გამოხატვა სცდება კანონით დაცული სიკეთის ფარგლებს და იქცევა უკანონოდ.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2019 წლის 16 ივნისის აქციაზე შეკრების ორგანიზატორის მხრიდან გაჟღერდა არაერთი განცხადება, რომელიც საფრთხის შემქმნელია ადამიანების უსაფრთხოების, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. კერძოდ, აქციის ორგანიზატორის მხრიდან გაისმა მოწოდება სხვადასხვა ადამიანებისგან დაკომპლექტებული რაზმების შექმნაზე, რომლებიც მოახდენენ სხვა პირთა თავისუფლების აღკვეთას, იარაღად სხვადასხვა საშუალების გამოყენებასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას. ორგანიზატორმა ასევე ახსენა, რომ მოსალოდნელი იყო „კაცის მკვლელობა იქითა მხარეს“, რათა ეს შემდგომ ამ რაზმის წევრებს დაბრალებოდათ.
მსგავსი მოწოდებები ბუნებრივია საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს, წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას და ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის უკანონო ქმედებები ადამიანის უფლებების შეზღუდვას ისახავენ მიზნად. თუკი 16 ივნისის აქციის მოწოდებები პრაქტიკაში რეალიზდება, საფრთხე შეექმნება როგორც ადამიანთა უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველია.
გამომდინარე იქიდან, რომ აქციაზე გაჟღერებული მოწოდებები და სამოქმედო გეგმა შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველი, როგორც უფლებამოსილი ორგანო გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების წინადადებით მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს:
- ეფექტურად გამოიძიონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიება და მოახდინონ შესაძლო დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა
- გაატარონ აქტიური სისხლის სამართლებრივი ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პირთა უფლებების ხელყოფა