პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მხარს უჭერს მას, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობას, ნაკლებ დაკარგულ ხმებს, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში.
2017 წლის ანგარიშში, საარჩევნო უფლების ჭრილში, სახალხო დამცველი მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდა საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც არჩევნების შედეგების შესაბამის მანდატებში გარდასახვისას არსებული დისპროპორციის აღმოფხვრას უკავშირდებოდა, თუმცა 2020 წლის ნაცვლად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებას უარყოფითად აფასებდა.[1]
აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვისათვის უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა მმართველი პარტიის მზაობა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შემოღების თაობაზე და საპარლამენტო უმრავლესობის 93 წევრის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. გუშინდელი განხილვა და პარლამენტში გამართული დისკუსიები აჩვენებს, რომ სამწუხაროდ არსებობს დაპირების შეუსრულებლობისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების რისკები. გუშინდელ განხილვაზე უმრავლესობის 16-მა წევრმა, რომელთაგან 12 თავადაა მისი ინიციატორი, კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება და შეკითხვები დააფიქსირა,[2] კენჭისყრა კი დღეისათვის გადაიდო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში და ხალხის ნებისა და არჩევნების შედეგების პროპორციულად ასახვას შესაბამის მანდატებში.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2017 წელი, გვ. 183. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://drive.google.com/file/d/1gcWDvqloj-PTKW5FWBczRKSLdQrKkoO9/view>
[2] აღნიშნული 16 დეპუტატიდან 12 მაჟორიტარული სისტემითაა არჩეული, 4 - პარტიული სიით. უმრავლესობის 9 დეპუტატმა კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა. მათგან 4 მაჟორიტარული სისტემითაა არჩეული, 5 - პარტიული სიით.