ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ მიმართული საკარანტინე ღონისძიებებით გამოწვეული თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგი
2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საკარანტინო სივრცეების მონიტორინგი განახორციელა. დეტალურად გამოკითხა საკარანტინე სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში მყოფი 112 რესპონდენტი.
გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკარანტინე ღონისძიებების განხორციელების პერიოდში, სამართალდამცავი პირები, სამედიცინო და სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ეთიკურად ეპყრობოდნენ და მხოლოდ ერთეული ინციდენტები დაფიქსირდა.
ცალკეულ შემთხვევებში რესპოდენტები მიუთითებდნენ აეროპორტებში და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ხანგრძლივი დროით დაყოვნებაზე, ასევე აღნიშნავდნენ აეროპორტებში დაყოვნებისას და ხანგრძლივი მგზავრობის დროს საკვებით და წყლით უზრუნველყოფის ხარვეზებზე. ტრანსპორტირება ძირითადად ინფექციის კონტროლის ნორმების დაცვით ხდებოდა, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო დისტანცია დაცული არ იყო.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასტუმროებში საცხოვრებელი პირობები ძირითადად კარგი იყო და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოითქვა უკმაყოფილება. საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების მიერ დროის გაყვანის ძირითადი საშუალება ტელევიზორი და ინტერნეტი იყო. რესპონდენტების უმეტესობა მოთავსებული იყო განმარტოებით, არ ჰქონდათ შეთავაზებული დღის განმავლობაში რაიმე სახის აქტივობები, არ ჰქონდათ ოთახის დატოვების შესაძლებლობა, რესპონდენტების დაახლოებით ნახევარს არ ჰქონდა აივანი. ასეთი მდგომარეობა, პანდემიასთან დაკავშირებულ ზოგად შფოთვასთან ერთად, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულ პირებში იწვევს სტრესს და ამდენად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება.
მონიტორინგის მიმდინარეობისას სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ბავშვის უფლებების თვალსაზრისით ცალკეული საყურადღებო შემთხვევები გამოავლინა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქცევითი დარღვევების, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა საკითხი, რადგან შესაძლოა მათთვის უფრო რთული აღმოჩნდეს უცხო და დახურულ სივრცეში ყოფნა, რაც გამოწვევაა მათი მშობლებისთვისაც. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, გაუგებარი მიზეზების გამო არ იქნა გამოყენებული თვითიზოლაცია, რომელიც ამ ბავშვების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოები განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ ამ პირთა თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნას.
2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებამდე, საკარანტინე ღონისძიებების გამოყენებისას, მინიმალურ დონეზეც კი არ იყო განსაზღვრული თავისუფლება შეზღუდული პირის სამართლებრივი დაცვის გარანტიები. სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, განისაზღვრა პირის ინფორმირების ვალდებულება იზოლაციაში/კარანტინში გადაყვანის საფუძვლებზე, ადვოკატის უფლებაზე, იზოლაციაში/კარანტინში გადაყვანის შესახებ მის მიერ მითითებული პირის ინფორმირების უფლებაზე.
მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ საკარანტინე სივრცეში მყოფ პირებს წერილობით ან ზეპირად იშვიათად მიეწოდებოდათ ინფორმაცია მათი საკარანტინე სივრცეში გადაყვანის საფუძველზე; მათ უფლებებზე, მოვალეობებზე და გასაჩივრების მექანიზმზე. გარდა ამისა, ვინაიდან არ არის დადგენილი საქმის განხილვის დაჩქარებული პროცედურა, შესაძლოა გასაჩივრების მექანიზმის გამოყენება აზრს იყოს მოკლებული და გადაწყვეტილება მაშინ იქნას მიღებული, როდესაც საკარანტინე ღონისძიების ვადა გასულია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში პრაქტიკულად შეჩერებული იყო თვითიზოლაციაში გადაყვანის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა აკმაყოფილებდა თვითიზოლაციაში გადაყვანის წინაპირობას, სათანადო საცხოვრებელი პირობების არსებობის შესახებ, ისინი პრაქტიკაში თვითიზოლაციაში არ გადაჰყავდათ.
იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საკარანტინე ღონისძიებების გამოყენება საგანგებო რეჟიმში მოხდა, სახალხო დამცველი ზოგადად დადებითად აფასებს საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული პირების უფლებების დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს და მრავალი პირის აქტიურ მცდელობას, მაგრამ ამავდროულად, ხაზს უსვამს ანგარიშში მითითებული პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობას.
2020 წლის 18 ივნისს აღნიშნული ანგარიში წინასწარ მიეწოდა საქართველოს პარლამენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსაზრებების წარმოსადგენად. სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აქტიურად გაუწევს ადვოკატირებას რეკომენდაციების შესრულებას. ეს საკითხი აპარატისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო დღეებში, რადგან არაერთი კარანტინში მოთავსებული მოქალაქე მომართავს აპარატს ინდივიდუალური შემთხვევების გარშემო.