სახალხო დამცველი კოოპერატიული ბინათმშენებლობის შეჩერების გამო დაზარალებულ მოქალაქეთა დაკმაყოფილებას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივარი. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციამ სახალხო დამცველს წერილობით მიმართა და საქართველოს მთავრობისაგან კომპენსაციების მიღებაში დახმარება სთხოვა. გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში მცხოვრებმა 8050 ოჯახმა შეიტანა თანხა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებში და 100% დაფარა ბინების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, თუმცა 1992 წლიდან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების მშენებლობა შეჩერდა და ათასობით ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულ მოქალაქეთა დაკმაყოფილებისათვის საკმარისი საკანონმდებლო ბაზაა შექმნილი, ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დარღვეულა მთელი რიგი კანონთა მოთხოვნები,რაც ხელყოფს ათასობით ადამიანის უფლებებს და საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს მიმართა. სამწუხაროდ, საკითხი დღემდე გადაუჭრელია. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა საჯაროდ გამოტანილ პრობლემას მეტი ყურადღებით მოეკიდება.სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმესთან დაკავშირებით შესწავლილი მასალები როგორც აღმოჩნდა, პრობლემის გადასაჭრელად სრული საკანონმდებლო ბაზაა შექმნილი: •1999 წლის „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება აღიარებულ იქნა სახელმწიფო საშინაო ვალად. •„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ იქნა, რომ „საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ამ პირთა თანხმობისას, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მათთვის გარკვეული საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების (წილის, აქციების, შენობა-ნაგებობების და სხვ.) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლება გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულებად.“ • „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, „საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ამ პირთა თანხმობისას, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ წინადადებები მათთვის გარკვეული საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების (მიწის ფართობები) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლება გადაცემული მიწის ფართობების ღირებულებად.“ •საკითხი გათვალისწინებული იყო „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში. •საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ კომისია. •ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დაევალა საქართველოს მთავრობას დასახელებულ კანონთა შესრულების მიზნით, შესაბამისი პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტთან წარდგენა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ქმედითი ღონისძიებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გატარებულა. * * *ინგოროყვას #7-ში მდებარე შენობა (საუბარია სახელმწიფო კანცელარიის პირდაპირ ინგოროყვასა და ჩაიკოვსკის ქუჩების გადაკვეთაზე მშენებარე სასტუმროს შენობაზე), 2004 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის ბრძანებით უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეთა ვალის დასაფარად იყო გამიზნული. ბრძანებაში აღნიშნულია: „ეთხოვოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას ქ.თბილისში ინგოროყვას ქ. #7-ში მდებარე სასტუმროს დაუმთავრებელი შენობის და მასზე დამაგრებული 5410 კვ.მ მიწის ფართის მიმღები პირის ან პირთა ჯგუფის შესახებ ინფრომაციის წარმოდგენა.“ მიუხედავად ამისა 2006 წლის 13 იანვარს, საართველოს პრეზიდენტის #10 განკარგულებით, ზემოაღნიშნული შენობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცა შპს „ცენტრს“.