News

სახალხო დამცველის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შეუშვეს

23 იანვარს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა ინფორმაცია მოქალაქე მარინა ჭეიშვილთან დაკავშირებით, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, სადაც ჭეიშვილის ადვოკატს ზურაბ ჯორჯიაშვილს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს და არც რაიმე ინფორმაცია მიაწოდეს დაკავებულის ადგილმდებარეობის შესახებ.

ძებნაში მყოფი მარინა ჭეიშვილი, სამართალდამცავებმა თავისი შვილის ბაჩო სარიშვილის (`პატარა ხისთავას~) სასამართლო პროცესზე დააკავეს.სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაახლოებით 21.30 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ და დაკავებულთან შეხვედრა მოითხოვეს. თუმცა, შსს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მარინა ჭეიშვილი სამინისტროში არ მოუყვანიათ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სპეციალური რწმუნების საფუძველზე მოითხოვეს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ასვლა და დეპარტამენტის თანამშრომლებთან გასაუბრება. რაზეც დაცვის სამსახურის ცვლის უფროსისგან უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ მინისტრის ბრძანება სამინისტროში დასაშვებ პირთა შესახებ, სახალხო დამცველის წარმომადგენელთა შეშვებას არ ითვალისწინებს. დაახლოებით 45-50 წუთის შემდეგ, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შესახვედრად მისაღებში ჩამოვიდა, სადაც განუცხადა, რომ დაკავებული მარინა ჭეიშვილი მართალია, მოყვანილი იყო სამინისტროში, მაგრამ შემდეგ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ქალთა და არასრულწლოვანთა საპყრობილეში გადაიყვანეს.

*** სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის 27-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველი სპეციალური რწმუნებით თავისი აპარატის თანამშრომლებს ანიჭებს მე-18 მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოსილებას: რომლის თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენელს უფლება აქვს დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის სამხედრო ქვედანაყოფში, დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; მიიღოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე ნებისმიერი თანამდებობის პირიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სახალხო დამცველის რწმუნებით აღჭურვილ წარმომადგენელთა საქმიანობისათვის ხელის შეშლა ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის ორგანული კანონის 25-ე მუხლს და შესაბამისად კანონდარღვევას წარმოადგენს.25-ე მუხლი: „საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლებას შექმნა ისჯება კანონით და აისახება საქართველოს სახალხო, დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, რაც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იქნება“.

Woking Hours: Monday–Friday 9:00–18:00
Hot line: 1481 (24/7)