სპეციალური ანგარიშები.

ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა

სპეციალური ანგარიში ასახავს ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა; მაღალია ადრეულ ასაკში ქორწინების რიცხვი, ქალები წარმოადგენენ უმცირესობას გადაწყვეტილების მიღების დონეზე და ხშირია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით უფლებადარღვევის შემთხვევები.

ქალთა უფლებები ყველაზე მეტად ირღვევა იქ, სადაც ადამიანი ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდეს თავს - ოჯახში. საანგარიშო პერიოდში შემაშფოთებელი იყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები და სიმძაფრე. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად 17 ქალი იქნა მოკლული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა შესაბამის უწყებებს განსაკუთრებული ყურადღების საგნად ექციათ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. მართალია, საქართველოს პარლამენტმა იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია მოახდინა, თუმცა არსებული რეგულაციების პრაქტიკული განხორციელება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

მისასალმებელია, რომ 2014 წელს განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი, დაიხვეწა ოჯახში ძალადობის სფეროში არსებული კანონმდებლობა, ხელი მოეწერა ევროსაბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე. შემუშავდა ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია, რომელმაც ძალადობის განხორციელების სხვადასხვა სფეროები დაფარა, თუმცა საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნებოდა ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის სტრატეგიის როგორც ცალკეული დოკუმენტის შემუშავება.

უნდა აღინიშნოს, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად; არ გათვალისწინებულა საქართველოს სახალხო დამცველის არცერთი რეკომენდაცია ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ეკონომიკური აქტივობა და მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება