სახალხო დამცველი ასაკობრივი პენსიით და შეზღუდული შესაძლებლობის გამო სოციალური პაკეტით ერთდროულად სარგებლობის შესაძლებლობას მოითხოვს
2020 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საპენსიო ასაკს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა.
რეკომენდაციით დისკრიმინაციულად არის შეფასებული „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №279 დადგენილების ის ჩანაწერი, რომლითაც აკრძალულია ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და, მეორე მხრივ, ასაკობრივი პენსიის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანით სარგებლობის საშუალებას იძლევა.
რეკომენდაციაში ყურადღება გამახვილებულია ამ ორი სახის პენსიის მიზნებზე. შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის მიზანია გარემოს, საზოგადოების მიერ განსაზღვრულ ბარიერებზე პასუხის გაცემისთვის ფინანსური რესურსების მობილიზება. ხოლო ასაკობრივი პენსიის ერთ-ერთი მიზანი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯების გამო ხანდაზმული ადამიანების მეტი სოციალური გარანტიით უზრუნველყოფაა. ასაკიდან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემები კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაშიც, მათი სპეციალური საჭიროებებისგან დამოუკიდებლად შეიძლება განვითარდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართა რეკომენდაციით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საპენსიო ასაკის მიღწევა ყველა შემთხვევაში არ გამორიცხავდეს შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის თანადროულად მიღების შესაძლებლობას; სოციალური უზრუნველყოფის არსებული წესი იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ სახელმწიფოსგან ამ ორი ფინანსური სარგებლის ერთდროულად მიღების საკითხი, შესაბამისი პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით წყდებოდეს.