საქართველოს სახალხო დამცველი სკოლის მოსწავლეებს ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა
2018 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მოწვევით სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სახალხო დამცველის უფლებამოსილებას და ბავშვთა უფლებების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აპარატის საქმიანობის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობაა, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან რა აწუხებთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ კეთილსაიმედო გარემოში იცხოვრონ. ასეთი შეხვედრები კი ყოველთვის იძლევა სივრცეს მოსაზრებების გაზიარების და შემდგომში პრაქტიკაში განხორციელებისთვის.
სახალხო დამცველმა მოსწავლეებთან ერთად მიმოიხილა ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპები და უპასუხა მათ შეკითხვებს. სკოლის მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესის საგანს სახალხო დამცველის პრაქტიკა და ბავშვის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემები განხილვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო ძალადობისგან ბავშვთა დაცვის, მათი ინტერესების გათვალისწინებისა და მათი აზრის მოსმენის მნიშვნელობას.
შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის - „თავისუფალი სივრცე“ ფარგლებში ჩატარდა.