სიახლეები

შეხვედრა სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტთან

2017 წლის 29 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტს ემანუელ იაკობს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გაბიანი.

მხარეებმა სამხედრო სამსახურში ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ასოციაციების საკითხი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამხედრო მოსამსახურეთა ასოციაციებსა და პროფესიულ კავშირებში გაერთიანების უფლებაზე.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველი და სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

* * *

სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაცია ხელს უწყობს კონცეფციის – „მოქალაქე უნიფორმაში“ განვითარებას, რაც გულისხმობს სამხედრო პირებზე რიგითი მოქალაქეების მსგავს უფლება–მოვალეობების გავრცელებას, მათ შორის, თანაბარ მოპყრობას, პროფესიული კავშირების, დამოუკიდებელი ასოციაციების ჩამოყალიბებისა და რეგულარულ სოციალურ დიალოგში, ევროგაერთიანების სოციალურ და შრომით კანონმდებლობაში ჩართვის უფლებას.

სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაცია 34 სამხედრო ასოციაციასა და პროფესიულ კავშირს აერთიანებს და მასში 22 ქვეყანაა გაწევრიანებული. იგი მთავარი ევროპული ფორუმია, პროფესიული სამხედრო ასოციაციების თანამშრომლობისათვის.

ბრუსელში მდებარე საერთაშორისო სამდივნო, ფასილიტაციას უწევს ორგანიზაციის წევრ ასოციაციებს შორის ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლას.

სახალხო დამცველის აპარატი 2 წელია აქტიურად არის ჩართული სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვით საქმიანობაში, იზიარებს კონცეფციას „მოქალაქე უნიფორმაში“ და წლიურ ანგარიშებში ასახავს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას, როგორც სოციალური, ასევე სხვა კუთხით.

29.05.17

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)