ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში N7 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2015 წლის 19 ივნისს N7 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიზიტში მონაწილე ექსპერტების ტექნიკური ანგარიშები. ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

ანგარიში შეიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიკაცია. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მისცეს საშუალება გაცნობოდნენ მეთვალყურეობის დაწესების შესახებ დირექტორის ბრძანებებზე თანდართულ უსაფრთხოების განყოფილების შუამდგომლობებს. აგრეთვე, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ გასცეს ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიების კუთხით 5 მსჯავრდებულის განცალკევების მიზეზების შესახებ და განმარტეს, რომ ეს ინფორმაცია საიდუმლოებას წარმოადგენს. ამდენად, ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს შეეფასებინათ, თუ რამდენად დასაბუთებული და პროპორციული იყო აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება.

N7 პენიტენციურ დაწესებულებაში არის 27 საკანი. აქედან 14 საკანი ორადგილიანია, 5 საკანი განკუთვნილია 4 პატიმრისთვის, ხოლო დანარჩენი 8 საკანი გათვლილია რვა-რვა პატიმარზე. N3 და N6 საკნებში, რომელიც გათვლილია 2 პატიმარზე, მონიტორინგის განხორციელების დროს არ იყვნენ განთავსებული პატიმრები, რადგან საკნები იყო სარემონტო. ჯგუფის ვიზიტის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 75 პატიმარი, მათ შორის, 5 ბრალდებული და 70 მსჯავრდებული, აქედან 4 მსჯავრდებული ირიცხებოდა სამეურნეო ნაწილში. 2015 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 2013 წლის დეკემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პატიმართა საერთო რაოდენობა.

2013 წელს განხორციელებული ვიზიტისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შემდგომ, სახალხო დამცველმა N7 დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა; ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არა თუ არ გამოსწორებულა ვითარება წინა ვიზიტთან შედარებით, არამედ გაუარესდა, ვინაიდან ერთი მესამედით (25 პატიმრით) გაიზარდა პატიმართა რაოდენობა და შესაბამისად, დაწესებულების გადატვირთულობა. ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით. ანგარიშის ძირითადი მიზანია, დაწესებულებაში ამჟამად არსებული მდგომარეობის დოკუმენტირება და დაწესებულების დახურვამდე, დროებითი ღონისძიების სახით, პატიმართა მძიმე მდგომარეობის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად იმ კონკრეტული ზომების შეთავაზება, რომელთა დაუყოვნებლივ მიღება სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს აუცილებლად მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ; თუმცა, დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, უსაფრთხოების ღონისძიებების გადაჭარბებული გამოყენების პრაქტიკა, სარეაბილიტაციო აქტივობების არარსებობა, ოჯახის წევრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან საკმარისი კონტაქტის არარსებობა და ამ ანგარიშში მოცემული სხვა გარემოებები შეუძლებელს ხდის პატიმრების მიერ სასჯელის მოხდას მათი ღირსების პატივისცემის პირობებში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ყოველივე აღნიშნული საფრთხეს უქმნის დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ფიზიკური ძალადობის რისკიც იმატებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის შემდგომ, 28 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო შეტყობინება N7 დაწესებულებაში განთავსებული დ.კ.-ს და ბ.კ.-ს მიმართ N7 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის 30 ივლისის წინადადების შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

დაწესებულებაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების შესახებ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული. პრობლემას წარმოადგენს უსაფრთოხების ღონისძიებების გამოყენების მომეტებული პრაქტიკა და პატიმართა ჯამრთელობისა და სხვა გვერდითი ეფექტების გაუთვალისწინებლობა.

უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს დაწესებულების ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ძირითად საცხოვრებელ საკნებში არსებული ფართი უმეტეს შემთხვევაში არ შეესაბამება პატიმრობის კოდექსის მოთხოვნებს. დაწესებულების სავენტილაციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის საკმარის მოძრაობას. საკნებში არ არის საკმარისი ბუნებრივი განათება, საპირფარეშოები მცირე ზომისაა, ასევე მცირეა სასეირნო ფართი.

ხარვეზები იკვეთება დროული და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით. არ ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება. პრობლემურია სტომატოლოგიური მომსახურება და მოძველებულია სტომატოლოგიური ინვენტარი. დაწესებულებაში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობა და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენა. ვიზიტის დროს გამოვლინდა ხარვეზები მედიკამენტების აღრიცხვის, შენახვასა და მიწოდების კონტროლთან დაკავშირებით. საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებები.

დაწესებულებაში არ ხორციელდება ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები. ამგვარ აქტივობათა განსახორციელებლად დაწესებულებაში არ არსებობს სათანადო რესურსი. საგულისხმოა, რომ მაღალია დისციპლინური სახდელების გამოყენების მაჩვენებელი. N7 დაწესებულებაში ყველა პატიმარი ვერ სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნულს ხელს უწყობს დისციპლინური სახდელების ხშირი გამოყენება. დაწესებულებაში არ არის ხანგრძლივი პაემანისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ვერ ხერხდება სატელეფონო ზარის განხორციელება საკმარისი რაოდენობითა და კონფიდენციალურობის დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება