ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში N15 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2015 წლის 10-11 დეკემბერს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად, დაწესებულების მონიტორინგში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობისა და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლები. ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტში მონაწილე წევრების ტექნიკური ანგარიშები. ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ანგარიში შეიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიკაცია. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.

ანგარიშის მომზადების პროცესში, პირველადი მგინებების გადამოწმების მიზნით, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია N15 დაწესებულების დირექტორისაგან, მთავარი ექიმისაგან, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, რათა ანგარიშში ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები არ დაყრდნობოდა მხოლოდ ვიზიტის დროს მიღებულ ინფორმაციას. ამგვარად, წინამდებარე ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ასახავს N15 დაწესებულებაში არსებულ ვითარებას 2015 წლისა და 2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 აგვისტოს პერიოდის მდგომარეობით.

ამას გარდა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წლის 19 აპრილს N15 დაწესებულებაში განხორციელდა დაუგეგმავი ვიზიტი, რომლის დროსაც შემოწმდა დაწესებულების სასადილო და სამზარეულო.

N15 პენიტენციური დაწესებულება არის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი შეადგეს 2200 მსჯავრდებულს. 2015 წლის 10-11 დეკემბრის ვიზიტის დროისათვის დაწესებულებაში იმყოფებოდა 1755, ხოლო წინამდებარე ანგარიშის გამოქვეყნების პერიოდისათვის დაწესებულებაში 1752 მსჯავრდებული იმყოფებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება