წლიური ანგარიშები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში 2014

წინამდებარე ანგარიშში მოცემულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2014 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პოლიციის განყოფილებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. აქვე მოკლედ არის მიმოხილული 2014 წელს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი პირველად განხორციელდა და, მომავალში, საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმი გააგრძელებს მიგრანტთა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის მდგომარეობის მუდმივ შეფასებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოების მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მონიტორინგი შესაძლებელი გახდა „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური თანადგომით.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელეს 24 გეგმური და 364 არაგეგმური ვიზიტი, მოინახულეს 3040 პატიმარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში განხორციელდა 28 გეგმური ვიზიტი. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განხორციელდა 3 გეგმური ვიზიტი. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განხორციელდა 44 ვიზიტი. ასევე პირველად მოხდა მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი (თბილისი - პარიზი - ვარშავა - თბილისი) და შემოწმდა პატიმართა გადასაყვანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს დაწესებულებებში არსებული ფიზიკური გარემო და მოთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ პირთა მიმართ მოპყრობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება