წინადადებები.

წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს მსჯავრდებულ დ.კ-ს და ბ.კ.–ს მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის გამოძიების შესახებ

2015 წლის 30 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების დ.კ-ს და ბ.კ.–ს მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

მსჯავრდებულთა განმარტებით, ისინი 2015 წლის 27 ივლისს N7 დაწესებულების მოშიმშილეთა საკანში იმყოფებოდნენ. სამედიცინო პერსონალის დაგვიანებული რეაგირების და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულებმა საკანში დამონტაჟებულ ვიდეო კამერას პროტესტის ნიშნად ნაჭერი ჩამოაფარეს. ამ ფაქტის შემდეგ საკანში დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ოფიცერი და უსაფრთხოების უფროსი შევიდნენ და მსჯავრდებულებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბ.კ.-ს განცხადებით, იგი მოკლებულია დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას, შესაბამისად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და N7 დაწესებულებაში არსებული რთული პირობების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის სპეციალურ ეტლს ითხოვდა. მისივე განცხადებით, როდესაც პენიტენციური დეპარტამენტის N7 დაწესებულების თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შედეგად, მან თავისა და ნეკნების არეში მიიღო დაზიანებები.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებისას მსჯავრდებულებს სხეულზე აღენიშნებოდათ შემდეგი დაზიანებები: დ.კ.-ს სახეზე, მარჯვენა თვალის ირგვლივ, შეწითლება და შეშუპება, ასევე მარჯვენა ზედა კიდურის წინა-მხრის არეში იარა; მსჯავრდებულ ბ.ს.-ს ნახეთქი ჭრილობა მარცხენა წარბის არეში და ზედა მარცხენა კიდურის მტევნის არეში.

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დ.კ.-ს და ბ.კ.–ს სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად. ამასთან, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება