წინადადებები

სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის შესახებ წინადადებით მიმართა პროკურატურას

2017 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

ერთ-ერთი საქმე შეეხება ხანდაზმული ე.ქ.-ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას და სიცოცხლის ხელყოფის მუქარას. ე.ქ.-მ 2010 წლიდან 18-ჯერ მიმართა პოლიციას ოჯახში ძალადობისგან დასაცავად, შეტყობინებებში ძირითადად ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ე.ქ. რამდენიმე წელია პოლიციას დასახმარებლად მიმართავს, მას არ ეძლევა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და მორიგი ძალადობის მოლოდინშია. სამართალდამცავი უწყების მიერ ე.ქ.-ს თითოეული მიმართვა განხილულია როგორც ცალკე აღებული შემთხვევა და ძალადობის სისტემატური ხასიათი გათვალისწინებული არ არის. ასევე, არ მომხდარა მსჯელობა აღნიშნული ქმედებების ერთობლიობით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესახებ.

მეორე საქმე შეეხება ნ.ქ.-ს და მისი შვილების მისამართით ქმრის მხრიდან განხორციელებულ ოჯახში ძალადობას და მუქარას. ნ.ქ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის შვილებს სისტემატიური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ ნ.ქ. პოლიციის განყოფილებაში მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის საკმაოდ მძიმე ფორმებზე საუბრობდა, საქმეზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოცემული. ნ.ქ. შვილებთან ერთად რამდენიმე თვით განთავსდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. შესაბამისად, დედისა და შვილების უსაფრთხოება დროებით უზრუნველყოფილია, თუმცა თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაძლებელია, ისინი კვლავ განმეორებითი ძალადობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სავარაუდო მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულად განახორციელებს რეაგირებას ზემოხსენებულ საქმეებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება